ზურაბიშვილის ინიციატივას „ნორმანდიულ ფორმატთან“ დაკავშირებით კრემლი პასუხობს
„ნორმანდიული ფორმატი“ უნიკალურია და ის უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან დაკავშირებით კი, სხვა პრობლემა გვაქვს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
„ნორმანდიული ფორმატი“- უნიკალურია, ის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის დარეგულირების საჭიროების ლოგიკიდან გამომდინარე შეიქმნა. აქ კი საუბარია რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე. პრობლემის სტრუქტურა სხვაგვარია, ამიტომ, ყველა სტრუქტურას თავისი ფორმატი სჭირდება“,-განმარტა პესკოვმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს. საქართველო რეალურად არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, უკრაინა კი, მზად არის, ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა უკრაინა-რუსეთს შორის არსებული „ნორმანდიული ფორმატი“ ახსენა და თქვა, რომ „მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ საშუალება იქნება, იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ვინაიდან შედეგიანი რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში, რომელიც იქნება მაშინ ჩვენი მდგომარეობა. გვჭირდება ეს მხარდაჭერა. რატომ არის, რომ უკრაინა შედის ამ ფორმატში და არა პირდაპირ ურთიერთობაში. შეიძლება, მერე დრო მოვიდეს, როცა პირდაპირი ურთიერთობებიც საჭირო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს საშუალება თუ გვექნება, კარგი იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ, მგონი, უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ სიტუაცია“.