ახალციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ახალციხეში, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები ახალციხეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემებერს, 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოაცხადა.
13 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია, ახალციხეში, ადვოკატებმაც გამართეს. „ექიმები საზღვრების გარეშე”, „ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ამ ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ახალციხის ცენტრში ადვოკატები. 12-მა უფლებადამცველმა ექიმ-ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობა მდუმარე აქციით გააპროტესტა და დაკავებული გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
უფრო ადრე, 13 ნოემბერს, ,,თეთრი ხალათების” აქცია ახალციხელმა ექიმებმაც გამართეს და დუმილით ოკუპანტების გადაწყვეტილება გააპროტესეტეს.