თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლების ვალია, პარტნიორების განცხადებებს სერიოზულად მოეკიდოს
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ტექსტი საკმაოდ ნათელი და გასაგებია.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამი კომპონენტისგან შედგება.
“საერთო ჯამში გზავნილები, რომლებსაც ვიღებთ, არის იგივე შინაარსის შემცველი. სხვაობა არის იმაში, რომ პოლიტიკოსების გამოხატვის ფორმა არის ხოლმე უფრო მკაფიო და თამამი, ვიდრე დიპლომატების და ეს არის განსხვავება იმ განცხადებებს შორის, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენებისგან და სენატორისგან. ამჯერად უკვე შედარებით უფრო დაბალანსებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამი კომპონენტისგან შედგება.
ერთი არის ქვეყნის მიმართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის დადასტურება. არის პოზიტიურად მოხსენიებული ორი ელემენტი. ეს ორივე საქმე, რომელიც ამ განცხადებაშია მოხსენიებული, ბოლომდეა მისაყვანი. ერთი შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, მეორე ნაწილია მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. აქაც დროის გაჭიანურებას ვხედავთ. ისიც, რაც პოზიტიურადაა ნახსენები, დასამთავრებელი საქმეა. მოწოდებები, რომლებიც შეეხება მართლმსაჯულებას, ის, რომ სასმართლო სისტემა და პროკურატურა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. რაც საგულისხმო, ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, ამ განცხადებაში წერია ასეთი რამ, რომ საქართველომ უნდა დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მხრივ არის პრობლემები, სერიოზული კითხვები და საქართველოს ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. განცხადებები კი არ აქვს გასაკეთებელი, ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაარწმუნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ ერთგულებაში, რადგან ამ კუთხით კითხვები გაჩნდა.
ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ ჩადებული იმაში, რომ ჩვენთან რეფორმები სწორად წასულიყო, ჩვენი მოსამართლეები და პროკურორები კომპეტენტურები ყოფილიყვნენ და მათ კანონის შესაბამისად კომპეტენტურად ეკეთებინათ თავიანთი საქმე. ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები აქვთ და შესაბამისად, ეს მოწოდების სახით არის ჩამოყალიბებული. ჩვენი, პირველ რიგში, ხელისუფლების ვალია, რომ სერიოზულად მოეკიდოს ამ განცხადებებს. მხოლოდ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაც გვაქებს, არამედ იმაზე დავფიქრდეთ, სად არის კითხვის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ, როგორც ქვეყანამ, რათა კითხვის ნიშნები გავაქროთ. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რეპუტაცია ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი რამ არის. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რეპუტაცია გავიფუჭოთ, როგორც პატარა ქვეყანამ ძალიან ბევრი გამოწვევებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.