ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი იულიხის ცენტრისა და რუსთაველის ფონდის გრანტის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გრანტის მფლობელი გახდა – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ქეთევან კოტეტიშვილმა აღნიშნა, თათია გონაშვილი წარმატებული და გამორჩეული სტუდენტი იყო.
მისივე თქმით, თათია გონაშვილმა წარმატებით დაასრულა სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა.
„თათია გონაშვილი ხანგრძლივი სტაჟირებებით ორჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტში. ის აქტიურად მონაწილეობდა „შემოდგომის ლექციებსა“ და სხვადასხვა კონფერენციაში. გარდა ამისა, თათია გონაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების არაერთგზის გამარჯვებულია და სამი სამეცნიერო სტატიის ავტორია“, – განაცხადა ქეთევან კოტეტიშვილმა.
თათია გონაშვილის სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-5) დირექტორი, პროფესორი ბერნდ ნოიმაიერი და დოქტორი ინგო სპაჰ.

ქართველი მაგისტრანტი ნაშრომზე იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები