ხაჯიმბამ გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი დანიშნა – უკმაყოფილო ხალხი ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად დღეს, ასტამურ ქეცბა დანიშნა.
თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსახლეობა აღმოჩნდა უკმაყოფილო. ხალხი ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა, ამის შემდეგ კი, პროტესტის გამოსახატად შენობაში შეიჭრა.
ზეწოლის ფონზე ახლადდანიშნულმა ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეცბამ ე.წ. თანამდებობაზე უარი თქვა.
მისი თქმით, „შენობასთან არა მხოლოდ გაგრის, არამედ გუდაუთის რაიონის ახალგაზრდობა შეიკრიბა, რომლებიც ჩემი დანიშვნის წინააღმდეგ იყვნენ. მათთან გასაუბრება გაიმართა, თუმცა, ისინი თავისას ითხოვდნენ. ასეთ ვითარებაში ჩიხში აღმოვჩნდი და პრეზიდენტთან შევედი და ვთხოვე ჩემი კანდიდატურა არ წარედგინა“.
საზოგადოების უარყოფითი რეაქცია ქეცბამ ახსნა იმით, რომ „მოქალაქეებს რაიონის განვითარების სხვაგვარი ხედვა აქვთ“.