ადვოკატი: ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა შორის მისი ბავშვობის მეგობარია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძეა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, ვაჟა არობელიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე ხუთიდან სამი პირი სარფის საზღვართან დააკავეს. ვაჟა არობელიძის თქმით, მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მოჰყავდა საზღვრისკენ.
​ამასთან, ადვოკატის თქმით, ყუფარაძე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მისვლისას, ადგილზე იმყოფებოდა და დაჭრილთან ერთად წავიდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში.
„რაში გამოიხატებოდა დანაშაულის დაფარვა, არ ვიცი“, – განაცხადა ვაჟა არობელიძე.
​ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
​საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები