ვარძია-ხერთვისი-ოლოდა შესაძლოა, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზრდა-პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის საფუძველზე აგრძელებს მართვის სისტემაზე მუშაობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ მუშაობის მიზანია, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და ისტორიული არეალის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლო ნომინირების შესაძლებლობების გამოვლენა.
სამუშაო პროცესის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურებით მიმდინარეობს, დღეს დარგობრივი სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მე-3 საკოორდინაციო შეხვედრაზე, განვლილ თვეებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას გაეცნენ. პროფ. ლუიზა დე მარკოს მიერ მომზადებული დოკუმენტი – Road Map სამომავლოდ იმ ქმედითი ინსტრუმენტის დატვირთვას შეიძენს, რომელსაც ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და მართვის მექანიზმები დაექვემდებარება.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დამცავი ზონების განსაზღვრის მიზნით შემუშავებული წინადადება, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კულტურული მემკვიდრეობის რესურსებით მდიდარი არეალის დაცვის მექანიზმების დასაფუძნებლად.
სახელმწიფო უწყებათა საკოორდინაციო შეხვედრა USAID-ის ზრდა-პროგრამასთან თანამშრომლობით იმართება.
ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა. სანომინაციო განაცხადი UNESCO-ს მიერ ქართულ მხარეს მობრუნებული აქვს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციით. განვლილ 5 წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელებული მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე გამორჩეული ისტორიულ-კულტურული არეალის ხელახალი ნომინირება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარუმატებელი აღმოჩნდება. პრობლემურ მიმართულებად ამ დრომდე რჩება ვარძია-ხერთვისის სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის დაფუძნება, რაც მხოლოდ უწყებათშორისი კოორდინებული ქმედებებითაა შესაძლებელი.
USAID-ის ზრდა-პროგრამა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში მიმდინარე წლიდანაა აქტიურად ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშოროსო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები