გენადი მარგველაშვილი: ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია 21-ე საუკუნის შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი განათლების მქონე ადამიანები
„ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნულის მაღლა აწევის აუცილებელი პირობა შრომის ბაზარზე გასული მაღალი პროფესიული რანგის მატარებელი მოსახლეობაა”, -ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ამისთვის აუცილებელია შრომის კულტურის მქონე, 21-ე საუკუნის შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი განათლების მქონე ადამიანები.
“სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ერთიანი სქემა. ეს იქნება რუქა, კატალოგი, გზამკვლევი, სადაც თითოეული მოქალაქე, ოჯახი, თემი იპოვის საკუთარ თავს, აღმოაჩენს ქვეყნისთვის საჭირო ნიჭს და შეეცდება მის რეალიზაციას,”- აღნიშნა გენადი მარგველაშილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული, მცოდნე, ღირსეული.
“მოგიწოდებთ, როგორც სკოლამდელი დაწესებულებათა მონიტორინგის შემდეგ დააანონსეთ, მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით და ერთიანი ავტორიზაციის სქემის განხორციელების შესაბამისად, დროულად გაიზარდოს ბაღის პედაგოგთა საშუალო ხელფასი”, – მიმართა გენადი მარგველაშვილმა მიხეილ ჩხენკელს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მისასალმებელია პენსიონერ პედაგოგთა ღირსეული გაცილება სკოლებიდან, კარგია, რომ მოტივაციის გაზრდის შესაბამისად ახალგაზრდა პედაგოგები სკოლით დაინტერესდნენ, მაგრამ საკითხი კომპლექსურია და დეტალური მზაობის მუდმივ რეჟიმშია განსახილველი.
„ჩვენ გვყავს საამაყო ახალგაზრდები. 2019 წელს STEM-ის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიადებში 17 მედალი ავიღეთ. ეს მხოლოდ ძირითად ოლიმპიადებში, მაგრამ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათი ინტელექტუალური პოტენციალის მომავლის მოწყობისკენ? დამერწმუნეთ, რომელიმე მათგანი ხვალ სტენფორდში და მასაჩუსეტსში თუ ხარისხს დაიცავს, იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეს არ გაზრდის ჩვენი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს თუ მივუბრუნდებით გამოცდებს, ვფიქრობ, სამინისტრომ სწრაფად უნდა დააანონსოს ამ მხრივ სამომავლო პერსპექტივა და რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმეოროს, რომ შესაძლოა CAT-ის გამოცდების არსებული ფორმით დატოვება არ ვარგოდა, მაგრამ საერთოდ უგამოცდობა უარესია, ამიტომ მოზარდმა მკაფიოდ უნდა იცოდეს როდის, რას უნდა ელოდოს ბარიერების დაძლევის თვალსაზრისით”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
იგი მიესალმება, თუკი შეფასება ან გამოცდა იქნება დიაგნოსტიკურ-განმავითარებელი, შეცდომის დაშვების შესაძლებლობით.
კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ არსებითი ნაბიჯებია გადასადგმელი პროფესიული განათლების კუთხით.
“კარგია უჩიხო პროფესიული განათლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაკლია შრომის ბაზრის კვლევის გამოცდილება ჩაშლილი რეგიონალური თუ მუნიციპალური საჭიროების კუთხით”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გაამახვილა ყურადღება. მისი მოსაზრებით, საჭიროა საგანმანათლებლო ქალაქები მაღალი ლაბორატორიული ტექნოპარკებით იყოს უზრუნველყოფილი.
„თბილისში, დიღომში პროცესი დასასრულისკენ მიდის და ეს კარგია, დაანონსდა ბათუმის საგანმანათლებლო ქალაქიც. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და მზაობაც იყო, რომ ეს მნიშვნელოვან თანაკვეთაშია ქალაქის და რეგიონის ისტორიულ გამოცდილებასთან, სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადების ჩატარების პერსპექტივებთან და, რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კადრების მომზადებასთან”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას ყველა საკითხში კომპლექსური მონაწილეობისთვის, არაფორმალური განათლების აღიარებისთვის, სკოლაში შემოქმედებითი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, მოსწავლის, სტუდენტის, თავისუფალი სამყაროს პროფესიონალი, განათლებული, ლაღი წევრობისთვის.