მეუფე გრიგოლი: თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის, ის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას შეეხო.

მისი თქმით, თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და ის დიდი სისუსტის ნიშანია.

“რაღაც ვერ არის ჩვენში კარგად. რაღაც გვაკლია, ძალიან სერიოზული და ეს ეხება როგორც ჩვენი რწმენის საკითხს და ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ეს ეხება ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებასაც. მთელი ქვეყანა საუბრობს იმ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა მოზარდმა რომ თავი გაწირა. თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არ არის, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი  დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები