გიორგი ვოლსკი: უბედურებისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღება მავნებლური რეჟიმია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა.
მისი თქმით, უბედურებისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღება მავნებლური რეჟიმია.
“მავნებლური რეჟიმი იმას ჰქვია, რომ უბედურებისგან რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღო. პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, ვინც თავის თავს პოლიტიკოსებს ეძახის, ჟურნალისტს, ექსპერტს. მოუსმინეთ, ხალხი რას ლაპარაკობს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ახალგაზრდა თაობასთან გარდატეხის პერიოდში. გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია. ყოველ წელს, გარდამტეხ პერიოდში, რამდენიმე ასეული ახალგაზრდა თავს იკლავს. ეს გლობალური პრობლემაა და მიდგომა, რომ პიროვნება გამოაჭენო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, ყველაზე ცუდი გზაა, რაც შეიძლება ავირჩიოთ. თუნდაც, იმ ხანძრის ჩასაქრობად, რაც ყოველი ჩვენგანის გულშია. სისტემა უნდა შეიქმნას. არ შეიძლება, ამ საკითხს მხოლოდ სასჯელით მივუდგეთ. სკოლის დირექცია თავის თავს დამნაშავედ თვლის და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლასა და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუან-მართალია? დანაშაულისა და სათანადო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება ყველგან მოხდა. ეს პატარა საქართველოსთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რომ არა, სპეკულაციური გამონათქვამები.
ექსპერტებს მოვუსმინოთ, სახელმწიფო პროგრამა ჩამოვაყალიბოთ, შვილებს მოვეფეროთ და ერთმანეთს ნუ დავაზიანებთ. უფროსების ასე მამასისხლად დაპირისპირება აუცილებლად გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე. განწყობილი არ ვარ, რომ ვინმეს რაიმე ვაბრალო. სკოლის დირექტორს მოვუსმინე, სულ არ ჰქონდა განზრახული, მთელი ცხოვრება ასეთი ცოდვა ეტარებინა, მაგრამ ხომ ფაქტია, ამ საკითხის მიმართ სხვანაირი მიდგომა შეიძლებოდა? ურემი რომ გადაბრუნდა, გზა ახლა დავინახეთ. პოლიციაზე რომ ვისაუბროთ, თუ ქალი ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ მძიმე სიტუაციაა, თუნდაც, წესდებით იმოქმედო, კიდევ არსებობს ნიუანსი, რაც ყველას მოეთხოვება – სახელმწიფოს, პოლიტიკოსს თუ ჟურნალისტებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.