გია ვოლსკი: ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა და ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა.
მან 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად იყვნენ ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი.
“ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვანებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს! ვუსამძიმრებ თვითოეულ ჩვენგანს! ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას!,”- წერს გია ვოლსკი.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.