ნათია გრიგოლიას საშობაო ზღაპარი – ახალ წელს პერსონალური გამოფენის სამზადისით ხვდება
ბათუმელ ნათია გრიგოლიას თუ აქამდე მხოლოდ საახლობლო წრე და კოლეგები იცნობდნენ, როგორც მზრუნველ დედას და საბავშვო ბაღის საუკეთესო აღმზრდელს, ამიერიდან ამ ახალგაზრდა ქალბატონს გაცილებით ფართო საზოგადოება გაიცნობს და ირწმუნებს, როგორც გამორჩეული ხედვისა და აზროვნების ფერმწერს.
ამ ბოლო დღეებში ყველაფერი ისე უცებ და უცნაურად წარიმართა მის თავს, რომ ნათიას ცოტა არ იყოს, უჭირს კიდეც დაჯერება, თუმცა, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მის ნახატებს იმგვარი მოწონება ერგო, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მისი სპონსორობის სურვილი გამოთქვა, ზოგმა კი გამოფენის მოსაწყობად თანხმობა განაცხადა.
ბათუმის ცნობილი სასტუმრო „მარნის“ მფლობელი ვაჟა დავითაძე პირველი პიროვნებაა, ვინც უმალ იგრძნო ნათია გრიგოლიას მხატვრული ტალანტი და მის საბანკო ანგარიშზე გარკვეული თანხა გადარიცხა, რომ სამხატვრო მასალების შეძენაში დაბრკოლება არ შეექმნას ნიჭიერ ხელოვანს.
– ძალზე ამაღელვა ბატონი ვაჟა დავითაძის ამგვარმა დამოკიდებულებამ, ჩემთვის დიდი მხარდაჭერაა ტილოთი და საღებავებით უზრუნველყოფა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა განმიმტკიცა. მე ხომ ერთი წლის წინათ, დიდი გულგატეხის და დეპრესიის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად დავიწყე ხატვა. მეგონა, მხოლოდ ჩემს წუხილს ვუმკლავდებოდი ამ ნახატებით და აი, აღმოჩნდა, რომ მასში სხვებმა მეტი დაინახეს, მარწმუნეს, რომ მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გაგრძელება, წამაქეზეს და გამამხნევეს, რომ მეტი დრო დავუთმო ხატვას, – აღნიშნავს ნათია გრიგოლია.
ამ დღეებში კი მხატვარს კიდევ ერთი სიახლე და სიხარული „დაატყდა“ თავს, მას დაუკავშირდნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმიდან. ხელოვნებათმცოდე ინგა დიასამიძემ გამოთქვა სურვილი, პირადად გასცნობოდა მხატვარს და მის ორიგინალებს.
გამოცდილმა ექსპერტმა ამ ნახატების ნახვის შემდეგ უმალ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის მარტში ნათია გრიგოლიას პერსონალურ გამოფენას დაეთმოს მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ახალი წელი იმედებით და მოლოდინით იწყება ნათია გრიგოლიასთვის, მის ნამუშევრებს მრავალრიცხოვანი პუბლიკა გაიცნობს, რაც სასიამოვნო და მძიმე ტვირთიც არის. თანაც ეს ყველაფერი საოცრად ჰგავს კეთილ საშობაო ზღაპარს.
ახალი წელი და შობა კი მართლაც ყველზე უპრიანი დროა ქველმოქმედების, სხვა ადამიანების გასამხნევებლად, ეცადეთ, მიბაძოთ შესანიშნავი ადამიანების – ვაჟა დავითაძისა და ინგა დიასამიძის მაგალითს და სიკეთის მარცვლები ამრავლეთ საქართველოში, რაც მოასწავებს ადამიანების გულში ანთებულ ახალ კელაპტარს, მხოლოდ ამგვარი თანალმობითა და სიყვარულითაა შესაძლებელი იმ მძულვარებისა და უნუგეშობის დაძლევა, რაც დღევანდელ საქართველოს დაუფლებია.
გიორგი ლალიაშვილი