ნათია თურნავამ “ბიზნესდაჯილდოება 2019”-ზე ონლაინმაღაზია “სოფლიდან.ჯი” დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე ნომინაციაში “საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის” გამარჯვებული ონლაინმაღაზია “სოფლიდან.ჯი” დააჯილდოვა.
ონლაინმაღაზია ოთხი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელთა თქმით, მათი მიზანი იყო, ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი შუამავლის როლი სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიება არის სიმბოლური ხიდი, სინერგია ისეთ მსხვილ ორგანიზაციას, როგორიცაა “თიბისი ბანკი” და მცირე მეწარმეობას შორის, ვინც თავის ბიზნესს ქმნის ინოვაციურ, ტრადიციულ სფეროებში და ძალიან დიდ საერთო წარმატებას უწყობს ხელს.
“მინდა ვთქვა, რომ მთავრობისთვის მცირე ბიზნესი ყოველთვის განსაკუთრებული ზრუნის საგანია და დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა, ვინც დღეს აქ ხართ, იცით ამის შესახებ. ბევრი თქვენგანი არის ჩვენი პროგრამების ბენეფიციარი, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში”, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების და ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ თქვენს ხელშეწყობას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველო წელს დაასახელა როგორც ლიდერი მცირე ბიზნესის წარმატების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ეს დიდი აღიარებაა.
“როგორ ვეხმარებით მცირე ბიზნესს? – პირველ რიგში, ეს არის ფინანსური დახმარების პროგრამები, რადგან გრძელვადიან ფინანსებზე წვდომა არის ერთ-ერთი მთვარი გამოწვევა, რაც ჯერ კიდევ უდგას ჩვენს მცირე ბიზნესს და არა მარტო ჩვენთან, იგივე ევროკავშირში მცირე ბიზნესს ყოველთვის უჭირს გრძელვადიან ფინანსებზე წვდომა. აქ ჩვენ არ ვართ მარტონი – ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პროექტია დაფინანსებული. მარტო მიმდინარე წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მხოლოდ წელს დაფინანსდა 67 მცირე საწარმო და 46 მცირე სასტუმრო. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ პროგრამების გაგრძელებას, რადგან ეს პროგრამა არის ყველაზე უფრო მეტად ადრესირებული მიკრო ბიზნესზე”, – განაცხადა ნათია თურნავა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გამოყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 და 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამები, რომლებიც მიმართულია სტარტაპების დაფინანსებაზე.
ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ განსხვავებული და გამარტივებული პირობები შეუქმნას მცირე ბიზნესს სხვადასხვა პროცედურის გავლის დროს, მარტივდება წიაღის ლიცენზიები, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობსი პრივატიზების პროცესი, რომელიც არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც არის განკუთვნილი და მასშტაბური პრივატიზაციის ელექტრონულ აუქციონზე მსხვილ ობიექტებთნ ერთად, ასევე იყიდება მცირე ობიექტებიც.
“ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ვაგრძელებთ, ვაკეთებთ. თუმცა ისევ ვამბობ, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო არ არის მარტო ამ საქმეში და ჩვენ გვერდში გვიდგას მსხვილი ბიზნესიც, მათ შორის ერთ-ერთი კარგი მაგალითია თიბისი ბანკი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
პროექტი „ბიზნესდაჯილდოება” “თიბისი ბანკის” მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის კომპანიების პოპულარიზაციას და მათი განვითარების ხელშეწყობას.