თავდაცვის სამინისტრო მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. უწყების ინფორმაციით, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, არსებული საბინაო პოლიტიკა სრულად მოდიფიცირდა და პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.
ამ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.