ლევან სამუშია: ოპოზიცია ვთავაზობთ გამოსავალს ხელისუფლებას, ის კი დესტრუქციულია

ოპოზიცია ვთავაზობთ გამოსავალს ხელისუფლებას, ოპოზიცია მონდომებულია, ხელისუფლება კი არის დესტრუქციული ძალა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

სამუშიამ საარჩევნო სისტემის მოდელზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები შეაფასა.

„ხელისუფლებისთვის არანაირი მოდელი არ არის მისაღები, თუ ისინი ვერ ხედავენ ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობას. მათთვის გამორიცხულია რაიმე სამართლიანი მოდელი იყოს მისაღები.
ამ მოლაპარაკებებისას ვუყურებთ, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვთავაზობთ გამოსავალს ხელისუფლებას, ოპოზიციაა მონდომებული, ხელისუფლება კი არის დესტრუქციული ძალა, რომელიც უკვე ვერც მალავს და პირდაპირ საუბრობს, რომ არანაირი მოდელი არ სურს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს არასამართლიანად. არაფერი ახალი მოდელის გამოგონება არაა საჭირო, გამოგონებულია სამართლიანი საარჩევნო სისტემები და ამ სისტემებიდან ვთავაზობთ არჩევანს. მათ არაცერთი არ აინტერესებთ. რაზეც თვითონ იძახდნენ, ყველაზე მეტად სამართლიანი საარჩევნო სისტემააო, ის ჩააგდეს.

რაც შეეხება პარლამენტის პიკეტირების საკითხს – ყველა კონსტიტუციური ფორმა პროტესტის გამოხატვისა, ბუნებრივია, სამართლიანია. აქ ჩვეულებრივად არის სირცხვილის დერეფნები. დეპუტატებს შენობაში შესვლაში ხელს არავინ უშლის, უბრალოდ არ სურთ იქ გაიარონ და საზოგადოებას თვალებში ჩახედონ. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ, როდესაც პროტესტი გამოხატული იქნება კანონიერ ფარგლებში, მშვიდობიანი ფორმით. ეს ასეც არის. სირცხვილის დერეფნები არანაირიად არ ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

სამუშია კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ ვხედავთ რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა , მისი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ვნახოთ თუნდაც ის განცხადებები, რომელსაც ჩვენი დასავლელი მეგობრები აკეთებენ. მე არ მახსენდება მსგავსი სიმკაცრის განცხადებები. ზუსტად ადეკვატური განცხადებებია, ზედმიწევნითაა შეფასებული ის მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მდგომარეობა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, რომლებმაც გადააგდეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება.
შეშფოთებულები, გაკვირვებულები არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები ამ ყველაფრით. ჩვენი დასავლელი მეგობრების, კონგრესმენების გუშინდელი განცხადება მწვავეა, მათ პირდაპირ განცხადეს, თუ რასთან გვაქვს საქმე, თუ როგორ არიან ისინი გადაგდებულები და მოტყუებულები, როგორი იმედგაცრუებულები არიან. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ დარბეულები და ბოროტმოქმედები იყვნენ ადამიანებზე მისეულები“, – განაცხადა სამუშიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისდმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.წერილი, რომელიც ა.წ. 13 დეკემბრით არის დათარიღებული, გიორგი გახარიასადმი მიმართვით იწყება და ხაზს უსვამს, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები