ელიზაბეთ რუდი: აშშ მზადაა სასამართლო სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის, ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები მზადაა ამ მიმართულებით თანამშრომლობა გააგრძელოს.
“ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემის შესაქმნელად შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან პარტნიორობაში 30 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ გავხდით მნიშვნელოვანი პროგრესის მომსწრენი, მაგალითად – მოსამართლეთა მეტი პროფესიონალიზმი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესების დამკვიდრება, საქმეების მართვის უკეთესი სისტემები და საკითხები, რომლებმაც გააუმჯობესა რიგითი ქართველების პრაქტიკა და მათი ურთიერთობა სასამართლოსთან. ასევე მინდა აღვნიშნო გასულ კვირას პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის მიღება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც ჩვენ მივესალმებით. რა თქმა უნდა, ისეთი სასამართლო სისტემის სრულად განსავითარებლად, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის ნდობით სარგებლობს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამაა და შეერთებული შტატები მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა ამ მიმართულებით”, – აღნიშნა რუდმა.
კითხვაზე მოსამართლეების ნომინაციის პროცესი სამართლიანი იყო თუ არა, მან განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში აქტიურ მონაწილეობას, რადგან მათ საზოგადოების სრული ნდობა ჰქონდეთ.
“მე ვიტყოდი, რომ პარლამენტმა საკონსულტაციო პროცესის დროს გააკეთა განმარტება – ეს ის პროცესია, რომელიც აქამდე არ არსებობდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მრავალფაზური პროცესი. ხოლო რაც შეეხება იმპლემენტაციას და შედეგებს – ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს გარკვეული კითხვები და გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან, რათა მომავალში დანიშნულმა პირებმა ქართველი ხალხის სრული ნდობა მიიღონ”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
მან ამერიკელი კონგრესმენების, ადამ კინზინგერის და გერი კონოლის წერილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვინაიდან ეს კონკრეტულად მათ მოსაზრებას გამოხატავს, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებმა კომენტარიც მათგან უნდა მიიღონ.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.
აღწერაში კინზინგერი წერს: „როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, მე და გერი კონოლმა ეს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ, რომელიც ეხება, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას პირობა ჰქონდათ მიღებული“.