აშშ-მა ავღანეთიდან, შესაძლოა, უახლოეს დღეებში 4 ათასი სამხედრო გამოიყვანოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ავღანეთიდან 4 ათასი სამხედროს გაყვანის შესახებ განაცხადოს.

ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპარაკება ერთი კვირის წინ განახლდა. თუმცა, პროცესი 12 დეკემბერს ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარი აფეთქების გამო, შეჩერდა.

ტელეკომპანია სამ ამჟამინდელ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეთრი სახლი 4 ათასი სამხედროს გაყვანაზე განცხადებას გააკეთებს.

ორი წყაროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს, ვადაზე ადრე გაიყვანენ, დანარჩენებს არ ჩაანაცვლებენ და ისინი ტერიტორიას ვადის დასრულების შემდეგ დატოვებენ.

CNN-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ თანამშრომელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ განცხადება უკვე მიმდინარე კვირას გაკეთდება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტო AFP-სთან კომენტარი რ გააკეთა, პენტაგონში კი, განაცხადეს, რომ კითხვებით თეთრ სახლს მიმართონ, რომელსაც განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სექტემბერში დაჯგუფებასა და აშშ-ის შორის მიღწეული შეთანხმების პროექტის მიხედვით, „თალიბანი“ უსაფრთხოების კომპონენტში გარკვეულ ვალდებულებებს აიღებს, ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე თანხმდება, ასევე ძალადობის დონეს შეამცირებს, სანაცვლოდ აშშ-მა ჯარი უნდა გაიყვანონ.

ავღანეთში, ამჟამად 13 ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები