დავით საგანელიძემ, გამწვანების მიზნით, თბილისს ფიჭვის 4000-მდე უნიკალური ნერგი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი, საკუთარი ეზოს 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი, გამწვანების მიზნით, თბილისს ტრადიციულად წელსაც აჩუქა.

ფიჭვის ნერგები ამჯერად თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა, ოჯახის წევრებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის თანამშრომლებმა, „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.

„ეს ტრადიცია უკვე მეექვსე წელს ითვლის. რაჭიდან ჩემი ეზოდან გადმოგვაქვს ნერგები, ოჯახთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად ყოველწლიურად ვრგავთ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამ გზით ვცდილობთ, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშნელოვანია ქალაქში მწვანე საფარის დაცვა და გაფართოება, რათა ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ. მადლობას ვუხდი „ჰუალინგ ჯგუფს“ დღევანდელ აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, დავით საგანელიძემ ყოველწლიური აქციის ფარგლებში, ჯამში 20 000–ზე მეტი ფიჭვის ნერგი გადასცა თბილისს. გასულ წელს ნერგები ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიასა და თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები