თეა წულუკიანი: ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ მრავალმანდატიან სისტემაზე იყო საუბარი. ვერანაირი შედეგი დღეს ვერ დადგა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი ინიციატივა.
“დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ მრავალმანდატიან სისტემაზე იყო საუბარი. ვერანაირი შედეგი დღეს ვერ დადგა, რადგან ჩვენ ვიხილავდით მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გადაკეთების შესაძლებლობას, მარტივ ენაზე რომ ვთქვა. ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი არგუმენტები, ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში, ერაყში, და ალბათ იმ ქვეყნებში ეს მოდელი შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი, რომ დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, რომ გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს წარმომადგენლობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ეს მოდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, ის ყველაფერი, რაც აქამდე ვიმსჯელეთ, გერმანული მოდელი უარყოფილი იქნა, დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში და ორი ქვეყანა დასახელდა, ეს არის ავღანეთი და ერაყი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს. მომდევნო შეხვედრაზე აღარ განიხილება ის საკითხები, რაზეც დღეის ჩათვლით ვიმსჯელეთ. საჭირო იქნება, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს“ , – განმარტა თეა წულუკიანმა.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა.