ნინო ბურჯანაძე: ჩვენი სურვილი არის, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს
ჩვენი სურვილი არის, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს,- ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აეროპორტში მომხდარ თავდასხმის საკითხსაც დააყენებენ.
“დღეს იქნება საუბარი მრავალმანდატიანზე, გერმანული მოდელის ფარგლებში. მე ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ საგანგებოდ ხაზს, რომ ჩვენ გერმანული მოდელი დავყავით ორ ნაწილად. ახლა ველოდებით მოსაზრებებს მეორე ნაწილთან დაკავშირებით, მანამ სანამ ოდირი-დან პასუხი არ გაეცემა ე.წ. კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ დავსვამთ საკითხს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ეხება თავდასხმებს. ის, რაც აეროპორტში მოხდა, რა თქმა უნდა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ხელისუფლებამ ამ თემასთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაგვცეს. ჩვენი სურვილი არის, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ვნახოთ, ხელისუფლება რას მოიტანს და რისთვის არის მზად. კარგია, რომ ეს შეხვედრა არის ჩვენს შეხვედრამდე, იმიტომ რომ მე ვიცი ამერიკის პოზიციაც და ეს ნათლად გამოჩნდა, ასევე ჩვენი მეგობარი სხვა ელჩების პოზიცია. იმის ამოცანა აქვთ, რომ მიღწეული იქნას ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუ ეს შედეგი დადგება, ამას მხოლოდ მივესალმებით”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღეს მესამე შეხვედრა იმართება.