არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, ერეკლე კუხიანიძე განმარტებებს გააკეთებს და ახსნის, რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმები
“ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრ, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ხელისუფლების პოზიცია ვერანაირად ვერ იქნება.
“მისი ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები აკეთებენ ყველაფერს და ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს არის მთელი საზოგადოების რეაქცია და მივესალმები, რომ დღეს საზოგადოება დგას ერთად. თუ ვინმეს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ – ნამდვილად არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლეს პოზიცია ვერანაირად ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უმეტეს ჩემი ან ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, ის გააკეთებს განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც მე ნამდვილად არ მივესალმები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.