ირაკლი კობახიძე: ღონისძიებაზე მოსული ადამიანების რაოდენობა მოლოდინს გადააჭარბა, გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას”, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ,რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას”, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა.
„ჩვენ მოვუწოდეთ „ქართული ოცნების” და მისი ევროპული კურსის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ დღეს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე და ნახეთ, რომ მასშტაბი ამ ღონისძიების იყო ძალიან დიდი. ჩვენ გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ. რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. ამით გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას”, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და ამის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნა, თუმცა, ამასთან ერთად, საზოგადოებამ იხილა ისიც, თუ რამდენი ადამიანი დგას „ქართული ოცნების” უკან.
„გახსოვთ, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა, ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია, მათ მაქსიმუმ რაც მოახერხეს ეს იყო დახლოებით 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ხალხის სახელით. რეალურად ხალხი სად დგას, ეს არის გასაზომი არჩევნებით და გასაზომი ზოგადი გარემოთი. დღეს, ესეც დადასტურდა დღევანდელი ღონისძიებით. ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ეს დადასტურდა წინა არჩევნებით და ამის დასტური იქნება 2020 წლის არჩევნები. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ევროპასთან დაახლოვებას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია. გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, გვაქვს მყარი დასავლური, ევროპული კურსი და ასეთი მოვლენის გამოყენება ამის დასაფიქსირებლად იყო ძალიან მნიშვნელოვანი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები