ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო-გაცნობითი შეხვედრა გამართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) წარმომადგენლებთან, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი, საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა იყო.
შეხვედრას RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი შოთა კუბლაშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ ისაუბრეს. იმსჯელეს ასევე მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე.
ღონისძიების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში, კატასტროფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) ახორციელებს.