ავსტრიაში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საშობაო ღონისძიება გაიმართა
ავსტრიაში, ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საშობაო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
საშობაო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. ელჩმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვნებას.
დავით დონდუამ სტუმრებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარუდგინა და მათი წარმატებული სახელოვნებო კარიერის შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.