რომან გოცირიძე: მოსამართლეობის 20-ვე კანდიდატმა საკუთარი თავი უნდა გამოიწვიოს და ეს სამარცხვინო პროცესი უნდა შეწყდეს
”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით პარლამენტმა ყოველგვარი მორალური, სამართლებრივი უფლება დაკარგა. მისი თქმით, პარლამენტი, რომელიც საზოგადოების აზრს არ გამოხატავს უნდა დაიშალოს.
“ამ პარლამენტმა ყოველგვარი მორალური, სამართლებრივი უფლება დაკარგა, რომ წარმოადგენდეს ხალხს. პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოების აზრს უნდა დაიშალოს. ოცივე მოსამართლემ უნდა თქვას უარი, უნდა გამოიწვიოს საკუთარი თავი, უნდა შეწყდეს ეს სამარცხვინო პროცესი. ამ მონა-მორჩილ უმრავლესობას უნდა საახალწლო საჩუქარი მიართვას ბიძინა ივანიშვილს. ერთი საჩუქარი, ეს იყო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტიდან გაგდება და მეორე, 20 მორჩილი მოსამართლის დამტკიცება. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება, რომელმაც მოატყუა ხალხი. შექმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო ღრმავდება”,- განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, ხმაურია.