ფრანჩესკო მიორინი: საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელის, ფრანჩესკო მიორინის შეფასებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბევრს მიაღწია და კვლავ ერთგულად აგრძელებს მუშაობას.
„მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ერთ-ერთი მოწინავე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. საბჭოს ეს შეხვედრა აჩვენებს, რომ საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია და ერთგულად აგრძელებს მუშაობას, რომ მიაღწიოს უფრო მეტს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ველოდებით, რომ მოვისმენთ ინფორმაციას საქართველოს პროგრესის და სამომავლო ხედვის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში“,- განაცხადა ფრანჩესკო მიორინიმ.
ცნობისათვის, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის“ რეგიონული სამდივნოს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრისა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.