შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ნიკა მელიას – პარლამენტი საკითხს ხვალ განიხილავს
დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ განიხილავს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდა ნიკა მელიას საქმის გამოძიებას 6 წელი.
მისივე თქმით, ზემდგომი ინსტანციის მიერ განაჩენის გამოტანამდე ნიკა მელიას პარლამენტიდან გაწვევა ნაადრევია.
“6 წელი რატომ იყო საჭირო ამისთვის და რატომ იყო, რომ პერიოდულად ამ საქმეს აძინებდნენ და შემდეგ აღვიძებდნენ იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად აქტუალური იყო. ეს ერთი ძალიან მძიმე კითხვაა, რომელიც სასამართლოს თავზე, როგორც დამოკლეს მახვილი ისე კიდია. მეორე, ზემდგომმა ინსტანციამ რომ თქვას, რომ ეს განაჩენი არის უსამართლო და გაამართლოს. ახლა რომ პარლამენტი გააძევებს მას ვადაზე ადრე, მერე რას იზამს, უკან დააბრუნებს და ვინც მის ნაცვლად შემოვა უკან გაიწვევს? ეს ხომ აბსოლუტური ანომალია იქნება და ფულადი კომპენსაცია არ არის საპირწონე იმისა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს,” – განმარტა ეკა ბესელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.