ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 62 კი დაშავდა, მათგან 5 ქართველია
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვმა 62-მდე გაიზარდა, მათგან 5 ქართველი ჯარისკაცია.
ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ავტომობილების აფეთქების შემდეგ, თავდამსხმელებსა და ძალოვანებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.
როგორც ნატოს მისიაში განაცხადეს, იერიშის სამიზნე ბაზასთან ახლოს მშენებარე საავადმყოფო იყო. მათი თქმით, ავღანელმა ძალოვანებმა და ნატოს ჯარმა იერიშის მოგერიება დანაკარგის გარეშე შეძლეს.
რაც შეეხება ავღანეთში, ნატოს მისიის ფარგლებში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაიჭრა.
უწყების ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.