შალვა კერესელიძე მცხეთაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.
როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, რწმუნებულმა, მერმა და მერის მოადგილემ სოფელ ნატახტარში განახლებული კულტურის სახლი მოინახულეს. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ნატახტარის კულტურის ცენტრში ასევე განთავსდა ბიბლიოთეკა. დაგეგმილია მუსიკალური სკოლის გახსნა.
რამდენიმე კვირის წინ ახალრეაბილიტირებული კულტურის სახლი სოფელ მუხრანშიც გაიხსნა. ცენტრებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს. მუხრანისა და ნატახტარის კულტურის სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით დაფინანსდა. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე სოფელ საგურამოს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და მინისტადიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. სოფელ გალავანში კეთილმოწყობილი პარკი და მცხეთაში რეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს.