ნინო ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი ყველაზე გვიან, პარასკევს სახლში იქნება
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება.
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ გაფრინდაშვილს სასამართლო პროცესზე გაათავისუფლებენ.
“ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. 5 დეკემბერს ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.