ლია მოქია: ვადაგასული ხორცი ბათუმის საჯარო ბაღებისთვის არ იყო განკუთვნილი 

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის თქმით, ეს არის შპს “გურიას” კუთვნილი ფართი, რომელიც შპს “სოფოს” იჯარით ჰქონდა აღებული. სწორედ აქ ხდებოდა ხორცის დამუშავება ფილეს მისაღებად, შემდეგ კი შპს “სოფო” აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვადაგასული ხორცით აჭარის სკოლამდელი დაწესებულებები უნდა მომარაგებულიყო, უარყოფენ ბათუმის ბაღების გაერთიანებაში.

როგორც გაერთიანების მთავარი სპეციალისტი, კვების დარგში ლია მოქია “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, პანიკის საფუძველი არ არსებობს,რადგან აჭარაში მსგავსი პროდუქტით ბაღები არასოდეს მომარაგებულა.

“პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ გვამარაგებს შპს”მანუჩარი”, ჩვენთან შემოსული პროდუქტი გადის კიდევ ერთ შემოწმებას, მოწმდება ეტიკეტირება, თუ როდის დაიკლა, ასევე შენახვის ვადა და პირობები, რომელ სასაკლაოზეა დაკლული. ვეტერინარის ცნობა, რომელშიც მითითებულია ხარისხიანობა, ასევე ის, რომ პროდუქტი ექვემდებარება რეალიზაციას. სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო ვადაგასული ხორცი, ბათუმის ბაღებში იმის საშიშროება არ არის. საიდან დადგინდა, რომ ვადაგასული ხორცი იყო აჭარის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი? მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა. დილით შემოსული პროდუქტი ბაღებში გადანაწილებისას ვიზუალურადაც მოწმდება მედდების, ასევე, ვეტერინარის მიერ. დღეს არ მივაწოდეთ ხორცი ბაღებს. მე თვითონ ვთხოვე არ დაერიგებინათ, რადგან დეტალების დაზუსტებას ველოდებოდით. ხვალ, ჩვეულებრივად, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას ხორცი მიეწოდება“,- განაცხადა ლია მოქიამ.

ბათუმის საბავშვო ბაღებში დღეს, ხორციანი სადილი სხვა ცილოვანი პროდუქტით ჩანაცვლდა. ერთ-ერთი სააღმზრდელო დაწესებულების გამგე ირწმუნება, რომ ყველა პროდუქცია, რაც ბაღში შემოდის, მომზადებამდე ადგილზე შემოწმებას გადის.

“დღეს არ შემოსულა ხორცპროდუქტები საბავშვო ბაღში, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, აღმოჩენილი იქნა რიგი დარღვევები, თუმცა ჩავანაცვლეთ სხვა ცილოვანი პროდუქტით და ბავშვებს სხვა მენიუ მივაწოდეთ. სააღმზრდელო დაწესებულებაში ყველა შემოსული პროდუქტი მოწმდება ადგილზეც. ბავშვები იღებენ ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტს, გამორიცხულია შეცდომის დაშვება“,- ამბობს 34-ე საბავშვო ბაღის გამგე თამარ ნაგერვაძე.

ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოს ფართი, სადაც გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ  ვადაგასული ხორცი იქნა აღმოჩენილი, შპს ,, სოფოს“ აქვს ნაქირავები. კომპანიასთან დაკავშირებას “რეგიონული კვირა“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. გადამღები ჯგუფი სოფელ დვაბზუშიც იმყოფებოდა, თუმცა სასაკლაო დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათი მათთვის ოფიციალური დასვენების დღეა.

შპს ,,სოფოს“ ხელვაჩაურის ბაღები რძის პროდუქტებით უნდა მოემარაგებინა. კომპანიამ ტენდერში წლის დასაწყისში გაიმარჯვა. ხელვაჩაურის ბაღებს ხორცით შპს ,,სოფო“ 2018 წელს ამარაგებდა. აქ ირწმუნებიან, რომ პროდუქტი ყოველ ჯერზე მოწმდებოდა და დარღვევები არ აღმოჩენილა.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 198-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

დაილუქა 1 ტონამდე საქონლის ხორცი, რომელიც განადგურებას ექვემდებარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს “სოფო” 1000 ლარით აჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები