„მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ეს სიტუაციის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა“ – ნიკოლეიშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე
მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან კარგია, ეს სიტუაციის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
ნიკოლეიშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან კარგია, ეს სიტუაციის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა.
ვნახეთ, რომ დიალოგის პირველი რაუნდი, თითქოსდა, უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა, იქაც იყო მცირე შედეგი. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მეორე რაუნდი ჩატარდა, რაც ნიშნავს, იმას რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ სპექტრსაც აქვს საშუალება თავაინთი წინადადებები წარმოადგინონ და დააფიქსირონ. გუშინ კონკრეტიკაზე მოხდა გადასვლა, რაც კარგია. ეს წინადადება დააყენეს უცხოელმა დიპლომატებმა, რომლებსაც, ალბათ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ იმ ინიციატივისთვის, რომ მათი ხელშეწყობით მიმდინარეობს ქუჩის პროცესების კაბინეტურ, დიალოგის რეჟიმში გადაყვანა. რაც შეეხება ამ მოდელს – კარგი იქნება, თუ ცუდი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვარიანტზე მოხდება საბოლოოდ შეჯერება, ან მოხდება თუ არა საერთოდ შეჯერება. დიპლომატიურ კორპუსს ძალიან კარგად ესმის ერთი მთავარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო მოდელზე საუბარი, რადგან ეს არ იქნება ბუნებრივი პროცესი. მეორე, უმთავრესი ალბათ ის არის, რომ ორივე მხარეს აქვს საშუალება, თავიანთი წინადადებები წარმოადგინონ.
ვხედავთ, რომ არის ნაწილი ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც ამ ყველაფერს კონსტრუქციულად უყურებს, ასევე არის მეორე ნაწილი, რომელიც რადიკალურ განწყობაზე რჩება და ისევ აკეთებს განცხადებას, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა გააგრძელოს აქციების გამართვა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.
თამუნა შეყილაძე