დიმიტრი ცქიტიშვილი: ვეცდები, 2020 წლის არჩევნების შემდეგაც ვიყო პარლამენტში
თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც უმრავლესობა დავტოვე და დღეს უკვე საკმაოდ ცივ გონებაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია, – ამის შესახებ უმრავლესობიდან გასული დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოზიტიური და პროგრესული დღის წესრიგის მქონე პარტიებთან შესაძლოა, თანამშრომლობა დაუშვას, ასევე, აღნიშნა, რომ ეცდება, 2020 წლის არჩევნების შემდეგაც იყოს პარლამენტში.
“თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც უმრავლესობა დავტოვე და დღეს უკვე საკმაოდ ცივ გონებაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია
პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალა გააკეთებს, უნდა შესრულდეს.
ხელისუფლების მიერ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადის არშესრულება არის არასტაბილურობის და არაპროგნოზირებადი პოლიტიკური პროცესების წყარო.
მოგვწონს თუ არა ქვეყანაში დღეს მოქმედი პოლიტიკური აქტორები, პოლიტიკური თამაშის წესების მიმართ უნდა არსებობდეს სპექტრის მეტნაკლები თანხმობა. სხვა შემთხვევაში მუდმივად იქნება რყევები, სუსტი და ძლიერი ბიძგებით.
სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განაცხადმა, მეტნაკლებად, მხარეებისთვის მისაღები ასეთი საერთო თამაშის წესების საფუძველი გააჩინა. ამიტომაც, ამ განაცხადის არ შესრულება დიდი შეცდომაა და დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მმართველ ძალას.
ჩემს პირად გეგმებს რაც შეეხება პოზიტიური და პროგრესული დღის წესრიგის მქონე პარტიებთან შესაძლოა, თანამშრომლობა დავუშვა – ვეცდები, 2020 წლის არჩევნების შემდეგაც ვიყო პარლამენტში”, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.