“სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის”

სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესო ქათამაძე მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. მის მიერ გავრცელებულ სიცრუეს დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნული გმირის მეუღლე პოსტის ავტორს მოუწოდებს, რომ საზოგადოებას სიცრუეში ნუ შეიყვანს.
“სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე. სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება. გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია“-წერს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.
2008 წლის ომში დაღუპული მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე, თამუნა რამიშვილი კი ცრუ პოსტის ავტორს ინტრიგნად მოიხსენიებს:
“ეს იმათ საყურადღებოდ ვისაც გონია, რომ მეოთხე ბრიგადაში დაღუპული ბიჭების ფოტოები,”ჩამოყარეს”, როგორ არ დაიღალეთ ამდენი ინტრიგნობით“ – წერს კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე, თამუნა რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები