ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ღია კარის დღეებს დაესწრონ, საგრანტო პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ და მოისმინონ პასუხები პროგრამის გარშემო არსებულ კითხვებზე.
თბილისში საინფორმაციო დღეები ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში ტარდება (მისამართი: ინოვაციების ქ. 7, ოქროყანა). საინფორმაციო დღეები რეგიონებში კი შემდეგი განრიგით ჩატარდება:
ბათუმი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 9 დეკემბერი ორშაბათი 11:00 საათი; ზუგდიდი: ტექნოპარკი- 9 დეკემბერი, ორშაბათი, 15:30 საათი; ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი- 10 დეკემბერი, სამშაბათი, 11:00 საათი; თელავის ტექნოპარკი- 11 დეკემბერი, ოთხშაბათი, 13:00 საათი.
“ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო” თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის ,”ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში უკვე მეოთხედ ახორციელებს. საგრანტო პროგრამა ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ კომპანიებს და ინოვატორებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამა 100 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტს გულისხმობს.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
“GENIE” პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში 10%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი