რომან კაკულია: ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია
ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
“ჩვენი ქვეყნის განვითარების ევროპული ალტერნატივის ერთადერთ დადასტურებად შეიძლება, სწორედ ეს ფაქტი მივიჩნიოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი კომიტეტი იმუშავებს: ენერგეტიკა, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური. ამ ფორმატებში სწორედ ისეთი ტიპის რეზოლუციების მიღება და გაჟღერება ხდება, რომლებშიც ამ მიმართულებებში დღეისთვის არსებული პრობლემატიკა არის დასახული. დაისახება ერთობლივი მიზნები ამ პრობლემების მოგვარებისა. ამიტომ, ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია. დასტური იმისა, რომ შეუქცევადია და უდიდესი პრიორიტეტია ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია. ხოლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას კი სწორედ ამ კომიტეტებში წარმოქმნილი საკითხები და რეზოლუციები იძლევა”,- აღნიშნა კაკულიამ.
8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები მიიღებენ.