მამა დიმიტრი ვეკუა: მამა სვიმონს ბავშვობიდან ვიცნობდი, ეს მოულოდნელი ფაქტი იყო

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა. როგორც ეპარქიის მდივანი მამა დიმიტრი ვეკუა ამბობს, მეუფე გერასიმემ მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის გიგა ქავთარაძის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მამა დიმიტრი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს დაკავებულ გიგა ქავთარაძეს და მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ჩვენ გაგვაცნეს აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც პრესით გავრცელდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში. მე მას ვიცნობ ბავშვობიდან, მქონდა წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა და ეს მოულოდნელი ფაქტი იყო. მისი ძმა ჩვენს ეპარქიაში მსახურობს, დეკანოზია”,- ამბობს მამა დიმიტრი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასულიერო პირები დაკავებულს თავდებში ჩაუდგებიან, მამა დიმიტრი ვეკუა ამბობს, რომ შეხვედრაზე მსგავსი საკითხი არ განხილულა.
” ეს საკითხი არც განიხილება”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერ-მონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.
რაც შეეხება ბერს, ბრალს მასაც დღეს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები