“უალკოჰოლო სასმელების მარკირების თაობაზე მეწარმეების წერილს ბიზნესომბუდსმენის სწრაფი რეაგირება მოჰყვა”
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების თაობაზე მეწარმეების წერილს ბიზნესომბუდსმენის სწრაფი რეაგირება მოჰყვა.
ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა.
“პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს. ერთ-ერთი მათგანი უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელდა, ეს იყო მომართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაჟღერებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებისგან და ეხებოდა უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხს. შედგა ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან და ამ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ პრემიერს და ბიზნესომბუდსმენს წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების განხორციელების თხოვნით წერილობით მიმართა, რის შემდეგაც გუშინ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა შედგა.
“უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც დარგის ყველა მსხვილი მწარმოებელია გაერთიანებული (“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, სს “წყალი მარგებელი” /”ნაბეღლავი”/, კომპანია “ნატახტარი“ და სხვ.), წლების მანძილზე არწმუნებდა ხელისუფლებას, რომ წყლის და სხვა უალკოჰოლო სასმელების აქციზის ანალოგიური წესით მარკირება არაოპტიმალური გადაწყვეტილებაა და გაუმართლებელ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, რისი რესურსიც ისედაც მცირემარჟიან ბიზნეს-სექტორს არ გააჩნია. საპასუხოდ სექტორმა მიიღო დაპირება, რომ მარკირების ხარჯი ბიზნესის ტვირთი არ იქნება, თუმცა აღნიშნული დაპირების რეალიზება დღემდე ხდებოდა დროებითი (გარდამავალი) ღონისძიებების სახით, რაც – ასოციაციის წევრების აზრით – საკმარისად სტაბილურ გარემოს ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე და განვითარების გრძელვადიანი პროგნოზირების დამაბრკოლებელი ფაქტორია,”- ნათქვამია უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.