ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობენ
მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს საწარმოების საქმიანობას რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში საწარმოების სტიმულირებით ადგილზე მოსახლეობის გამაგრებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი ეწყობა.
“მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები ისეთ საწარმოებს, რომლებიც საქმიანობენ მაღალმთიან რეგიონებში. რადგან ასეთი საწარმოების სტიმულირებით ხელი ეწყობა ადგილზე მოსახლეობის გამაგრებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც გამოიხატება მოსახლეობის დასაქმებაში, პროდუქციის წარმოებაში და ადგილზე დამატებული ღირებულებების შექმნაში. ასეთ საწარმოებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდონ, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ გაიტანონ ექსპორტზე.
იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ინკლუზიურობა და რეგიონული განვითარება, მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს საწარმოების რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობას,” – წერს ოთარ ანგურიძე.