ეკა ბესელია მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე: უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარს არ გავაკეთებ

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე აცხადებს, რომ უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

ბესელიას თქმით, ვითარება ძალიან ქაოტური გახდა.
„ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მომიტევეთ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, არასერიოზული, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს. მე მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. შეცვლილი ვითარების გამო, ჯერ ისედაც ვნებათაღელვა არ ცხრება. რამოდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის“ ,- განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში ახალი ინიციატივები, თანაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ინიციატორი იყო, რომ ივანიშვილის დაპირება ჩავარდნილიყო, კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.

„ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანას ყველაზე მეტ კრიტიკას იმის გამო აძლევენ ხოლმე, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე საარჩევნო წესები იცვლება, რაც არ არის ნორმალური. ამიტომ, მანიპულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. როდესაც პროცესი დასრულდება, სამართლიანი გარემო შეიქმნება და არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, შემდეგ უნდა დადგეს საკითხი, მათ შორის ხალხს ვკითხოთ აზრი, როდესაც მნიშვნელოვანი და ძირეული საკითხების შეცვლას ეხება და არა ასე ფრაგმენტულად. თუ ფრაგმენტულად დევხედავთ, რას აკეთებს ცალკე აღებული რომელიმე მაჟორიტარი, ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ მთლიან სურათში რომ ვუყურებთ, ეს ის ჯგუფია, რომელმაც ინიციატივა ჩააგდო და ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო. მათ ამის უფლება მისცეს და ასე იმიტომ გააკეთეს. ყველა შემდეგი ქმედება ამ ჭრილშია დანახული. ისევ მორიგი სპექტაკლია დადგმული, თუ რა ხდება. როცა მმართველ პარტიაზე და მის დეპუტატებზე ვლაპარაკობთ, ამ ყველაფერს უფრო სხვა პასუხისმგებლობა და დატვირთვა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან უპასუხისმგებლოდ ჩანს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები