იაგო ხვიჩია: მოსკოვში წასვლა პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯია, ამაზე ბურჯანაძე საკუთარ ამომრჩევლებთან აგებს პასუხს
ამ რეალობაში მოსკოვში წასვლა მგონია პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯი, – ასე ეხმაურება პარტია გირჩის თავმჯდომარეიაგო ხვიჩია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს.
როგორც ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამაზე ნინო ბურჯანაძე საკუთარ ამომრჩევლებთან აგებს პასუხს.
„ნინო ბურჯანაძეს პირველად არ უმოგზაურია მოსკოვში. ყველამ ვიცით, რომ ქალბატონი ნინო პერმანენტულად დადის ხოლმე და თავის პოლიტიკურ მეგობრებს ნახულობს იქ. როდესაც ჩვენ ერთიან ფორმატში სასაუბროდ ვსხდებოდით, ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება არ შეცვლილა, ნინო ბურჯანაძე იგივე დარჩა რაც იყო, მეც იგივე დავრჩი, რაც ვიყავი. მე მას მოსკოვში წასვლას ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ამ წუთას მოსკოვში წასვლა მგონია პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯი. თუმცა ამაზე ქალბატონი ნინო პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩევლებთან. მე, რომ ახლა აქედან გავაკრიტიკო, ის ჩემთან ვალდებული არაა. ჩვენ გვაკავშირებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, სხვა არაფერი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით 3 დეკემბერს გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.