განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ს-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 20,927054 გრ. ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“. სამართალდამცველებმა ა.ს. 2019 წლის 28 თებერვალს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
ა.ს-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.