პროკურორი: გვარამიას განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მძიმე ბრალდებებიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და ამავე დროს მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1 ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი მიიღო და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი კომპანიის, შპს “პროესკო მედიას” სახელზე გააფორმა.

“სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე”,- განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო ვის სარგებლობაში იყო ავტომობილი.

“მას შემდგომ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება.

საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე: პირველი ის რომ , სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნათა სრული დაცვით ხდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, მხოლოდ 2 დღე ხდებოდა გადაღება და მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ვის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი ის დადგენილიყო და ეს ვიდეოჩანაწერი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მტკიცებულება. საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვის მხარეს , მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ”,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული შეფასებები არის მხოლოდ სპეკულაცია და მიზნად ისახავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებიდან ყურადღების გადატანას სხვა, არა არსებით გარემოებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები