ნინო ბურჯანაძე შესაძლოა, მოსკოვში პუტინსაც შეხვდეს – “ოპოზიციის ლიდერებმა მისი ვიზიტის შესახებ იცოდნენ”
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.
პრესსამსახურში ასევე განმარტეს, რომ ნინო ბურჯანაძის შეხვედრა 1,5 თვის წინ იყო დაგეგმილი.
რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებთანაც ბურჯანაძე 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისთვის იბრძვის, პარტიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ოპოზიციის ლიდერებისთვის ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო.
„ეს შეხვედრა გუშინ არ გადაწყვეტილა. დაგეგმილი იყო 1,5 თვის წინ. ის პოლიტიკურ წრეებთან და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, თუმცა არ შეგვიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, კონკრეტულად ვისთან გაიმართება შეხვედრები. არ არის გამორიცხული ეს რუსეთის პრეზიდენტიც იყოს”, აცხადებენ პრესსამსახურში.
რაც შეეხება “კვირას” კითხვას, იცოდნენ თუ არა ოპოზიციის ლიდერებმა მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ეს ამბავი ცნობილი იყო.
“გეტყით, რომ მათთვის ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო და ის ვიზიტს ვერ გადადებდა“, -განაცხადეს პარტიის პრესსამსახურში.