იუსტიციის სახლი შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს ხდის
იუსტიციის სახლი, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ინფორმაციას ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლი შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ამოქმედდა;
იუსტიციის სახლმა, თავისი არსებობის მანძილზე პირველად, სერვისი ჟესტურ ენაზე 2018 წლის ნოემბერში გასცა. დღემდე იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით 400-ზე მეტი სერვისი გაიცა.
გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა (ჯამში – 750) თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით.
შემუშავებული ტრენინგმოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს;
შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები;
ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს;
შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა;
ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა;
ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს;
შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა;
იუსტიციის სახლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები საზოგადოებრივი ცენტრები შშმ პირებისათვის უფრო მეტად ადაპტირებული გახდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერები ჩაიწერენ შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების პროცედურას. ვიდეოჩანაწერებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეინახავს და დააარქივებს.
თბილისის იუსტიციის სახლში:
გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც შიდა სივრცეს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის;
მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, საკონსულტაციო სივრცეები კი სპეციალური მაგიდებითაა აღჭურვილი, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვისაა ადაპტირებული.
სივრცე სრულადაა მორგებული უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე.
შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები; კიბის უჯრედები და საფეხურები, ლიფტისა და სხვა საჭირო ადგილების შესასვლელები მონიშნულია სპეციალური იატაკის საფარით;
ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები; ყველა სართულზე, ყველა ოთახზე არის მანიშნებლები, ასევე, ბრაილის შრიფტით შესრულებული; უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი.
შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდი და ონლაინსერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია სამი სხვადასხვა ფუნქციით: ხმოვანი, კონტრასტული, ზრდადი.
აღნიშნული აქტივობები ზრდის იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების ეფექტურობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს – ყველა მოქალაქისთვის გააუმჯობესოს სახელმწიფო სექტორის მომსახურების ხარისხი.
იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას საჯარო მომსახურების სისტემის დახვეწაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს გააუმჯობესებს.