არის თუ არა საშიში ვაზისუბნის სკოლაში გამოვლენილი მენინგიტი – პაატა იმნაძის კომენტარი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაზისუბნის N92-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირებული მენინგიტის კონკრეტული შემთხვევა, საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამის შესახებ იმნაძემ „კვირას“ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, „ვირუსული მენინგიტის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ნებისმიერი დაავადების დროს შეიძლება გამოვლინდეს“.
ცნობისთვის, ვირუსული მენინგიტი ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ხშირად მისი გამომწვევი მიზეზებია ადამიანის ენტეროვირუსები, მარტივი ჰერპესვირუსი, ყბაყურა, არბოვირუსები აივ და გრიპის ვირუსი. ვირუსული მენინგიტი ტიპურ შემთხვევებში თვითგანკურნებადია და მძიმე ნარჩენი მოვლენები არ ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაზისუბნის N 92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის ფაქტი დაფიქსირდა. სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიქოვანის განცხადებით, მენინგიტი მეოთხე კლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა.
“სამწუხაროდ, მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დადასტურებული ფაქტია. მეოთხეკლასელ მოსწავლეს დაუდგინდა, შესაბამისად, სკოლამ ყველა საჭირო ღონისძიება მიიღო, რომელიც უნდა მიგვეღო.
შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი, საბედნიეროდ ბავშვი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
როგორც სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, მათ ეშინიათ შვილების სკოლაში გაშვება, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათ შვილებსაც შეექმნათ საფრთხე.