ალბანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

ალბანეთში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – აცხადებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმურ ცენტრში.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეში, ტირანადან 27 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 375 ათას ადამიანს შეადგენს.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

26 ნოემბერს ქვეყანაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, კიდევ ერთი ძლიერი 5,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი 28 ნოემბერს დაფიქსირდა.

რაც შეეხება 26 ნოემბრის მიწისძვრის შედეგს, დაღუპულია 51 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია, 1200-ზე მეტი შენობაა დანგრეული, სამედიცინო დახმარება 900-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, 5 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ საერთაშორისო თანამეგობრობას ფინანსური და საექსპერტო დახმარების თხოვნით მიმართა.

მისი თქმით,“აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დახმარების გარეშე გართულდება“.

მანვე აღნიშნა,რომ წერილობითი თხოვნით დონალდ ტრამპს მიმართა.

ალბანეთის ქალაქ დურესის მერმა ვალბონა საკომ, მას შემდეგ დატოვა თანამდებობა, რაც მისმა გამონათქვამმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მან თქვა, რომ მოხარულია, რომ მიწისძვრას მხოლოდ 51 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მასში 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა ალბანეთიდან, კოსოვოდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და აშშ-დან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები