ეკა ბესელია ნიკა მელიაზე – 6 წელი დაკიდებული საქმე, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
 
ბესელიას თქმით, მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და რეპრესიულ მოქმედებებზე გადავიდა.
 
“2013 წელს დაიწყო ეს საქმე და ახლა 2019 წელი სრულდება. ამდენი წლის განმავლობაში – 6 წელი დაკიდებული საქმე, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება, რომელიც არის ერთ-ერთი პრინციპი, თავის დროზე უნდა განახორციელო და როცა 6 წლის განმავლობაში გრძელდება ეს საქმე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აცოცხლებ საქმეს და ააქტიურებ იმის შესაბამისად, რამდენად სჭირდება ეს ოპონენტის დევნას. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩანს საქმეში. ეს სამწუხარო სურათია და ბოლო რეპრესიების და მკაცრი პოლიტიკის ფონზე ისევ სასამართლოს ხელით, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ უკვე მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე,” – განაცხადა ბესელიამ.
 
ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები