ზაზა სარალიძე: ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ ხორავას საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი

0

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. მისივე თქმით, თუ ხორავას საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი ხელისუფლება აუცილებლად წავა.

“ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში არის მიცემული ადამიანი, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს პასუხს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან, სასამართლო პროცესებზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში, თუნდაც დამნახავებს, თუნდაც მოტყუებაში. ამ ეზოში, ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას და არც არავის სჯერა, გასაგებია, რომ დათოს ნაწილი, შეიძლება, ვერ დაინახეს, მაგრამ ლევანი სადაც მოკლეს, არ არსებობს, წითელი ჯიპის პატრონს არ დაენახა, ძალიან ბევრ ადამიანს არ დაენახა. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“ ,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. სისხლიან დაპირისპირებას 2017 წელს ორი მოზარდის, დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი