აზერბაიჯანში პარლამენტი დაითხოვეს – ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება
აზერბაიჯანის მილი მეჯლისი, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით დათხოვილია. მმართველი პარტიის “ენი აზერბაიჯანის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ მილი მეჯლისის ამჟამინდელი შემადგენლობა არ პასუხობს სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას და ფაქტობრივად ის გვერდზე იდგა რეფორმების გატარების პროცესში.
აზერბაიჯანში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 1-ელ ნოემბერს ჩატარდა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 125 დეპუტატისგან შედგება, ყველა მათგანი მაჟორიტარული წესით აირჩევა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ.